- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებული ქართული ენის, ქართულის – როგორც მეორე ენის, ინგლისური ენისა და გერმანული ენის პედაგოგები დააჯილდოვა და მათ მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო მართლაც უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც უკვე წლებია ემსახურება პედაგოგების როლის დაფასებასა და მათი შრომის აღიარებას.
განალებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის კონკურსის ფარგლებში ქართული ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, დიანა წურწუმიამ მოიპოვა.
კონკურსის გამარჯვებულებს მინისტრმა საპატიო ჯილდო – საუკეთესო მასწავლებლის სამკერდე ნიშანი და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა. ამასთან, პედაგოგებმა პლანშეტები და სპეციალური პრიზები მიიღეს პარტნიორი ორგანიზაციებისგან.
საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ყოველწლიურად ტარდება და მის მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდის ხელშეწყობა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს.
საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე სამწლიანი სამუშაო გამოცდილებით.