- საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ქ. თბილისის საკრებულოს შენობაში, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2022“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
კონკურსი 2022 წლის 7 ივნისს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონის“, „სუფთა მუნიციპალიტეტის“, „სუფთა ქალაქი/დაბის“, „სუფთა სოფელი/თემის“, „სუფთა/ლამაზი ქუჩის“, „სუფთა/ლამაზი ეზოს“, „სუფთა ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზოს“, „ლამაზი აივნის“ და “ლურჯი ნაკადული“ გამოვლენა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „სუფთა რეგიონის“ კონკურსში პირველად ჩაერთო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი. ნომინაციაში “სუფთა სოფელი“ ლესიჭინეს ადმინისტრაციულმა ერთეულმა მიიღო მონაწილეობა და სპეციალური კომისიის მიერ გამაჯვებულად დასახელდა.
კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონილს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოფელ ლესიჭინეს ხელმძღვანელთან და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელთან ერთად დაესწრო და მას ლესიჭინეს ადმინისტრაციული ერთეულის კონკურსში მონაწილეობისა და ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადაეცა. კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელით დაჯილდოვდა ასევე ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ადგილობრივი კოორდინატორი თამთა ჭითანავა.
დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ულრიკ ტიდესტრომი – შვედეთის ელჩი საქართველოში, ერიკ ილლეს – შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოლომონ პავლიაშილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ჯგუფის წევრები.
კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.