- სექტემბრის მიწურულს ჩხოროწყუელებისთვის ცნობილი გახდა ერთი ახალგაზრდული წამოწყების შესახებ, რომელსაც ახლადდაფუძნებული ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალგაზრდა მკვლევართა საინიციატივო ჯგუფი“ – IGYR – განახორციელებს.
„ჩხოროწყუელების“ წარმომადგენელს ორგანიზაციის ამოცანებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია IGYR-ის თანადამფუძნებელი ქეთევან ჯალაღონია ესაუბრა:
“ჩვენ მიერ დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის მიზანი ვეტერინარიისა და ვეტერინარული მეცნიერებების პოპულარიზება და განვითარების ხელშეწყობა, დარგის მუშაკთა ცნობიერების ამაღლება და მათი კომპეტენციის გაუმჯობესება გახლავთ.
ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:
• სასწავლო – საგანმანათლებლო სახელმძღვანელოების/მასალების შექმნა/გავრცელება.
•გამოფენების, კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზება.
• ცხოველთა უფლებების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ღონისძიებების გატარება და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელება.
ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მიზანია ფერმერებისთვის საგანმანათლებლო სემინარების ორგანიზება – ცხოველთა კეთილდღეობაზე, დაავადებებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე.
IGYR-ის ძირითად სამეცნიერო პროექტს კი წარმოადგენს ოსტეოლოგიის მუზეუმი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, როგორც ტურისტული, ისე საგანმანათლებლო თვალსაზრისით. აღნიშნულ მუზეუმში შესაძლებელი იქნება სასკოლო თუ საუნივერსიტეტო ინტეგრირებული გაკვეთილებისა და ლექციების ჩატარება, რომლის მიზანიცაა პროფესიული ცოდნის გაღრმავება და ვეტერინარიის პოპულარიზება. ეს მუზეუმი საინტერესო იქნება ნებისმიერი სტუმრისთვის, რადგან ექსპონატები განლაგდება შემოქმედებითი, ესთეტიკური და ვიზუალური ეფექტების გათვალისწინებით.
ვაცნობიერებთ წამოწყების სირთულეს, მაგრამ გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, მოტივაცია და კომპეტენცია, რომ ამ მიმართულებით ვიყოთ პირველები ჩვენს ქვეყანაში. ოსტეოლოგიის მუზეუმი საქართველოში არ არსებობს.
29 სექტემბერს ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში გავმართეთ გაცნობითი პრეზენტაცია და სამეცნიერო ნაშრომების გამოფენა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს ვეტერინარი ექსპერტი, ასოციაცია „სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ დამფუძნებელი, ვეტერინარები, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ხელოვანები, ადგილობრივი სკოლების დირექტორები და მასწავლებლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები. უდიდეს პასუხისმგებლობის გრძნობით საზოგადოების წინაშე ვაპირებთ, ერთობლივი ძალისხმევით შევეჭიდოთ ახალ გამოწვევებს”.
ორგანიზაციის დამფუძნებლები: ლევან ჯალაღონია, ქეთევან ჯალაღონია.
წევრები: ნათია ჯალაღონია, ვახო გოგილავა, გიორგი ქებურია, მერაბ კვირკველია.
მასალა მოამზადა: კობა (იაკობ) შონიამ