- ხვალიდან, 3 ივლისიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი.
“გამოცხადდით გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას;
თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი;
საგამოცდო ცენტრში შესვლისთანავე ჩააბარეთ ტელეფონი და ყველა ზედმეტი ნივთი;
ტესტზე მუშაობის დაწყება შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა;
არ დააწყოთ სამუშაო მაგიდაზე ზედმეტი ნივთები. წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადგათ იატაკზე;
გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. არ შეიძლება მისი გადაკეცვა ან დაზიანება;
შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლები რჩება ცენტრში. ის პასუხების ფურცელთან ერთად უნდა ჩააბაროთ მეთვალყურეს მუშაობის დასრულებისას.”-ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის: 2024 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნა: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.