ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

უწყების ცნობით, 2021 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის  12 800-ზე მეტი  მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა – ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც  2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

კომენტარის დატოვება