- დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერებს, გესენის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტმენტის პროფესორებს, აზერბაიჯანის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და CENN-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად მიზანს რეგიონის ტურისტული პოტენციალის გამოვლენა და მერისთვის გეო პარკის შექმნის არსისა და მიზნების გაცნობა წარმოადგენდა.
უწყების ცნობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში დაგეგმილია გეო პარკის შექმნა, რაც ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების განვითარებას, სხვადასხვა ტურისტული სერვისის შექმნას ითვალისწინებს და ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
შეხვედრაზე განიხილეს ასევე რეგიონში სხვადასხვა ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. გაეცნენ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა და ისტორიული მუზეუმის ბუნების განყოფილების ხელმძღვანელი იგორ ფიჩხაია ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის სტუმრებმა ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს.