- “შურუბუმუს” – გამოქვაბულის სახელი, უძველესი კოლხური სიტყვაა და მისი დაახლოებითი თარგმანი ასე ჟღერს -”სულგანაბული”.. მღვიმეს სტალაქტიტები და სტალაგმიტები ამშვენებენ და განსაკუტრებით საინტერესოს და საიდუმლოებით მოცულს ხდიან იქაურობას.
მედია წერს: “დიდი ხნის განმავლობაში არავინ უწყოდა, თუ სად იწყებოდა “შურუბუმუს” გამოქვაბული და რა მანძილს მოიცავდა იგი.. 2004 წელს მიგარიის მასივში, საერთაშორისო სპელეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე ფრანგმა და ქართველმა სწავლულებმა გადაწყვიტეს შეეღებათ უფსკრულ “ხავერდოვანაში” მიმავალი პატარა მდინარე. მოლოდინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, შეღებილი წყალი შეღებვიდან მეოთხე დღეს “შურუბუმუს” გამოქვაბულის იმ ადგილას გამოვიდა, რომელსაც ოდითგანვე “დეიძახი”, ანუ დევის ძახილი ერქვა. ამით, ფაქტობრივად, დამტკიცდა მიგარიის მასივზე მდებარე უფსკრულ “ხავერდოვანას” უშუალო კავშირი “შურუბუმუს” გამოქვაბულთან. ასევე უტყუარი შეიქმნა დიდი მიწისქვეშა ტბების არსებობა, რომელთა განმუხტვის წერტილი “შურუბუმუს” მიწისქვეშა მდინარეა, მიგარიის მთაზე მცირე წვიმაც კი ამ მდინარის არნახულ ადიდებას იწვევს, რომელსაც წინ უსწრებს შიდა სივრცეებიდან გამოვარდნილი ჰაერის შემზარავი ზუზუნი, ეს მაუწყებელია იმისა, რომ უმჯობესია გაეცალო იქაურობას, ვიდრე საკუთარ თავზე გამოსცადო თავაწყვეტილი ჩანჩქერის “ამო ალერსი” . ეს ავდრისას. ეს ადგილი გვართა დაპირისპირების მიზეზი არაერთხელ გამხდარა. იდუმალი ტბა მდიდარი ყოფილა თევზით და მის გამოსასვლელზე მეთევზეები “გეჩას” (თევზის მოსაპოვბელი ძველიძველი საშუალება) დგამნენ, “ონძილე” (თევზით მდიდარი ადგილი) ხან ერთი გვარის ხელში იყო, ხან მეორისაში და ვისაც გაუმართლებდა, ის დატვირთული ჯორით ბრუნდებოდა შინისკენ. .. ცხადია, რომ გამოქვაბულს დიდი პერსპექტივები შეიძლება ქონდეს, ახლა მთავარია, დადგინდეს, შეიძლება თუ არა, მიწისქვეშ იმ ათობით კილომეტრის გავლა, რომელიც ორ გამოქვაბულს აკავშირებს. ეს მუყაითი გარჯის და თანამედროვე მეცნიერული ტექნოლოგიების გამოყენებითაა შესაძლებელი და ამ კუთხით აქტიურად მუშაობენ ქართველი და უცხოელი მკვლევარები. ვინ უწყის, აეხდება თუ არა “შურუბუმუს” საიდუმლოებას ფარდა, შეაბიჯებს თუ არა ადამიანი საკუნეებით ფეხდაუკარებ სივრცეებში, კიდევ ერთხელ ნახავს თუ არა, მიწისქვეშა სამყაროს ბინადარ თევზებს, რომელთაც ბუნებამ საოცარი ცხოვრების წესი არგუნა.”
ფოტო: ინტერნეტწყარო