- საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს.
ცესკოს ინფორმაციით, თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.
“ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა, ვინაიდან მათ კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის 2 069. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა განახლებული ბაზა 22 ოქტომბერს გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მონაცემების დასამუშავებლად ვადა 28 ოქტომბრამდე ჰქონდა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაამუშავა აღნიშნული მონაცემები, განახორციელა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით დაყოფა და განახლებული ამომრჩეველთა ერთიანი სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია.
ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის. უკვე დაიწყო განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიისა და სამაგიდე სიების ბეჭდვის პროცესიც”.-ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება.