- დასრულდა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გარდამავალ თასზე მინი-ფეხბურთში.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მუნიციპალიტეტის 16 გუნდი მონაწილეობდა.
ფინალში ერთმანეთს ნაფიჩხოვოსა და მუხურის გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველი ადგილი მუხურის გუნდმა მოიპოვა, რომელსაც კობა წურწუმიას სახელობის გარდამავალი თასი და ფულადი პრიზი 600 ლარი გადაეცა, მეორე ადგილზე მყოფმა ნაფიჩხოვოს გუნდმა 550 ლარი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელმა ქალაქ ჩხოროწყუს გუნდმა 500 ლარი მიიღო.
საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდები ასევე დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
გუნდებს გამარჯვება მიულოცა და მათ პრიზები სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ გადასცა.
ტურნირი მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.