- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 10,3 მილიონი ლარია.
ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, ასევე ქალაქ ფოთში და ქალაქ ჩხოროწყუში საბავშო ბაღების მშენებლობაზე.
გარდა ამ სამი საბავშვო ბაღისა ტენდერები უკვე მიმდინარეობს რეგიონში 17 საბავშვო ბაღის მშენებლობაზე. სულ ამ დროის მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 20 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობის ტენდერია გამოცხადებული, 3 საბავშვო ბაღზე კი ტენდერი დასრულებულია. საბავშო ბაღების პროექტირება-მშენებლობის სატენდერო ჯამური ღირებულება 38,3 მილიონ ლარს შეადგენს.
ბაღების მშენებლობის პროგრამით, ქვეყნის მასშტაბით, გათვალისწინებულია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.
პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
საბავშო ბაღები რომელთა მშენებელობაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოხდება:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 6 საბავშო ბაღი: – ოქტომბერი, კახათი, ოდიში, ერგეტა, ინგირი, ქალაქი ზუგდიდი.
აბაშის მუნიციპალიტეტი 4 საბავშვო ბაღი – სამიქაო, კეთილარში, ნაესაკოვო, სუჯუნა
სენაკის მუნიციპალიტეტი 3 საბავშვო ბაღი – ფოცხო, ძველ სენაკი, ლეძაძამე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 3 საბავშო ბაღი: ქალაქი წალენჯიხა, ობუჯი, ლია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 2 საბავშვო ბაღი: ქალაქი ჩხოროწყუ, სოფელი ლესიჭინე.