- მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოფელ ლესიჭინეში, ქვედა ჩხოროწყუში, კირცხში ახუთსა და ლეწურწუმეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან მათ საჭიროებებზე ღიად ისაუბრეს. სოფლებში პრიორიტეტად წყალმომარაგების სისტემის, გზის, სანიაღვრე არხების, გარე განათების რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობა დაასახელეს.
დათო გოგუამ მოსახლეობას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და მათ სამოქმედო გეგმა გააცნო.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრა მერის წარმომადგენლების, ასევე, სოფლებში არსებული საინიციატივო ჯგუფების ორგანიზებით იმართება.
მსგავსი სახის შეხვედრები მოსახლეობასთან უფრო მჭიდრო კავშირსა და მეტ გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს.
შეხვედრა ქალაქსა და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.