- სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე სოფელ თაიაში, მეთხილე ფერმერთა რეგისტრაციას დაესწრო.
ლაშა შალამბერიძემ ფერმერებსა და ადგილობრივებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ და მათ შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრას ასევე მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ესწრებოდა.
მეთხილე ფერმერებმა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესაძენად განკუთვნილი ფინანსური დახმარების მისაღებად, 2023 წლის 4 დეკემბრიდან 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით თხილის კადასტრში უნდა მოახდინონ თხილის ბაღების რეგისტრაცია.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. ამ მიზნით, ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში.
დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 აგვისტო.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს