ჩხოროწყუში აგვისტოს ომში დაღუპული კობა წურწუმიას ხსოვნას პატივი მიაგეს

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი კობა წურწუმიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთ – საქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. ის მშობლიურ სოფელში, ლეწურწუმეშია დაკრძალული.

კობა წურწუმიას ოჯახს მუნიციპალიტეტის მერიამ “ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების დახმარების პროგრამის” ფარგლებში ფულადი დახმარება – 2500 ლარი გამოუყო.