- ექიმი-ნევროპათოლოგი ნათია ჩოკორაია, წლებია, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში პაციენტების ჯანმრთელობაზე და ნევროპათოლოგიურ პრობლემებზე ზრუნავს და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ნათია ექიმს, განსაკუთრებული მოწიწებით ეფერება მისი ყოფილი, მადლიერი პაციენტი, ქალბატონი გულნაზ ლუკავა. სწორედ მან გვირჩია მოგვეყოლა ზუგდიდელებისთვის ამ ახალგაზრდა ექიმის შესახებ.
ნათია ჩოკორაია: – დავამთავრე ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლა, შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ექიმების წრეში გავიზარდე და ეს პროფესია ბავშვობიდან მომწონდა. ამბობენ, ექიმობა მხოლოდ პროფესია არ არის, ის სულის მდგომარეობააო, რომელსაც თეთრ ხალათთან ერთად, ვერ გაიხდი. პროფესია დამოუკიდებლად ავირჩიე, თუმცა ოჯახი მხარს უჭერდა ჩემს გადაწყვეტილებას, ხოლო გარდამტეხ მომენტში უდიდესი როლი შეასრულა ჩემმა მოძღვარმა მამა ალექსანდრე თოლორდავამ.
–როგორ აღმოჩნდით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში?
– მივიღე შემოთავაზება ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან და ვინაიდან ეს არის მულტიპროფილური კლინიკა, რომელიც მთელ რეგიონს ემსახურება, დავთანხმდი. იმ პერიოდში, საქართველოში, ქუთაისის შემდეგ ეს იყო მეორე საავადმყოფო, სადაც დაინერგა, და ახლაც, ქალბატონი მარინა თოდუას ხელმძღვანელობით წარმატებით გრძელდება, იშემიური ინსულტის თანამედროვე მკურნალობა, რაც სისტემურ თრომბოლიზს გულისხმობს. მეოთხე წელია, რაც რეფერალურ ჰოსპიტალში ვმუშაობ. ამ კლინიკაში გადმოსვლის მიღება რთული არ ყოფილა, ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში.
–ბევრი მადლიერი პაციენტი გყავთ, მათ შორისაა ქალბატონი გულნაზ ლუკავა, რომელიც ამბობს რომ მისი სიცოცხლე გადარჩინეთ და გვირჩია, შეგხვედროდით, ზუგდიდელებისთვის გაგვეცნეთ.
-ქალბატონი გულნაზი ლუკავა მოყვანილ იქნა, ჩვენს კლინიკაში მწვავე ნევროლოგიური სიმპტომატიკით, დატვირთული ანამნეზით. თუმცა, უფლის ნებით და ჩვენი დახმარებით, ყველაფერი კარგად დასრულდა. გაუმჯობესებული მდგომარეობით გაეწერა ბინაზე. ვფიქრობ, ამაში ლომის წილი მედ-პერსონალისადმი მისმა კეთილგანწყობამ და ნდობის ფაქტორმაც შეიტანა.
–თქვენი პიროვნული თვისებებიდან ყველაზე მეტად რა გეამაყებათ?
-“მეამაყება” ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ალბათ, სამართლიანობა და შრომისმოყვარეობა არის ის თვისებები, რომლებიც ყველაზე მეტად მეხმარება.
-როგორია თქვენი თავისუფალი დრო?
-თავისუფალ დროს მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ.
-ხართ თუ არა ტრადიციული?
-დიახ, ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს ტრადიციებს და ვფიქრობ, ეს არის სწორედ ის რაც, სხვებისაგან გამოგვაჩენს.
-რაში პოულობთ ყველაზე დიდ სიმშვიდეს და ჰარმონიას?
– თითოეულ გამოჯანმრთელებულ პაციენტში.
-რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში?
-სიახლეების ძიების.
–თქვენს წარმატებებში დიდი წვლილი ვის მიუძღვის?
-თითოეულ ჩემს პედაგოგს, სკოლიდან დაწყებული, რეზიდენტურის ხელმძღვანელებით დასრულებული. არ შემიძლია არ გამოვყო წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო (მიხაილოვი) და მისი ნევროლოგები. ასევე, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი, რომელმაც მომცა კოლოსალური გამოცდილება და გამბედაობა.
–დღესასწაული, რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ?
– ყველა დღესასწაული ძალიან მიყვარს, თუმცა აღდგომის დღესასწაულს გამოვყოფდი.
-პირველი, რასაც 2022 წელს გააკეთებთ…
-ვაპირებ გერმანული ენის შესწავლას.
-როგორი ხართ სამსახურის გარეთ, მაშინ როცა პაციენტები ვერ გხედავენ?
– ალბათ, უფრო მშვიდი.
-და ბოლოს…
-ზუგდიდელებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდ, უზრუნველ და წარმატებულ 2022 წელს.
მასალა მოამზადა როზა როგავამ
“ზუგდიდელები”